საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული ინოვაციები და გამოწვევები
- მეცნიერებასაზოგადოება
- ივნისი 27, 2024
- 623
ნინო ჟორჟიკაშვილი - ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,ეკონომიკის დოქტორი
გლობალიზაციის პროცესის სწრაფი ტემპები განაპირობებს
ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური
ლიბერალიზაციის, სოციალური და ეკოლოგიური გარდაქმნების გლობალურ
მასშტაბებს, რაც პოპულაციისთვის სარგებლის მიღებასთან არის
დაკავშირებული, თუმცა აღნიშნული პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც დაკავშირებულია
გარემოს დაბინძურებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ბიო-ტერორიზმთან,
სამხედრო კონფლიქტებთან, ჰუმანიტარულ კატასტროფებთან და ა.შ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნისათვის მწვავედ დგას
ჯანდაცვის სფეროზე გაწეული ხარჯების მზარდი ხასიათი. ჯანმრთელობის
დაცვა მომსახურების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს, რომელიც
უდიდეს როლს ასრულებს ეკონომიკური ზრდის რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მაჩვენებლების ფორმირებაში. სამედიცინო მომსახურება
განაპირობებს შრომითი რეზერვების ხარისხს და კვლავწარმოებას, ქმნის
სოციალური და ეკონომიკური ზრდის ბაზას. ჯანმრთელობის დაცვის
ეფექტური სისტემა ეროვნული უსაფრთხოების გარანტიაა. ამდენად,
ჯანდაცვის სისტემის გამართული და წარმატებული მუშაობა
უმნიშვნელოვანესია ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებლების გაზრდისათვის
და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ნაშრომში
განხილულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა
და გამოკვეთილია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ
ჯანდაცვის დარგის განვითარებაზე, ინოვაციურ ჭრილში. გაანალიზებულია
ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინოვაციური
ინფრასტრუქტურის არასრულყოფილება, ოლიგოპოლიის ნიშნები ჯანდაცვის
სექტორში, სუსტად განვითარებული ჯანდაცვის გამოწვევები.
ინოვაციები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში
ჯანდაცვის სექტორი, როგორც ეკონომიკის დარგი, თავისი სპეციფიკურობით
ხასიათდება. ეს სპეციფიკა ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ
ფორმებს განაპირობებს. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის უილიამ ჰსიაოს
მიხედვით, ჯანდაცვა „პათოლოგიური ეკონომიკაა, სადაც საბაზრო ძალების
გავლენა სერვისების მოცულობაზე, მათ ფასსა და ხარისხზე არსებითად
განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრებისგან” [Hsiao,W.C.,1995]. ჯანდაცვის
სისტემა გამოირჩევა კომპლექსურობითა და პრობლემების
მრავალფეროვნებით, თუმცა მთავარ პრობლემას მაინც სამი ფაქტორის –
ხელმისაწვდომობის, ფასისა და ხარისხის დაბალანსება წარმოადგენს.
აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს
ჯანდაცვის სექტორის წინაშე, რომლის გადაჭრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს უცხოური გამოცდილების გაზიარება,
ინოვაციების შემოღება, დანერგვა და მათი შემდგომი განვითარება.
ჯანდაცვის სფეროში ინოვაცია ტექნოლოგიურად ითვლება, თუ
სამედიცინო მომსახურების გაწევის მეთოდები პრინციპულად ახალი და
ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაუმჯობესებულია. სპეციალისტები
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო
მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას. სწორედ
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფს ხარისხიან
სამედიცინო მომსახურებას [კიწმარიშვილი ქ., 2019].
სამედიცინო დარგის დიგიტალიზაცია სწრაფი ტემპებით ვითარდება და
კიდევ უფრო შეცვლის ჯანდაცვის სფეროს შემდგომ წლებში. ტექნოლოგიური
ინოვაციები, ელექტრონული ჯანდაცვის მზარდი განვითარება და მისი
პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლება მედიცინა გახდეს კიდევ
უფრო პერსონალიზირებული, პერსონიფიცირებული და ხარჯთეფექტური.
იმისთვის, რომ საქართველომ ინოვაციების მიმართულებით წინ გადადგას
ნაბიჯები, საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს სათანადო განათლების და
გამოცდილების კადრები, რომლებიც თანაბრად ერკვევიან როგორც
მედიცინაში, ისე ციფრულ ტექნოლოგიებში.
ელექტრონული მედიცინის საბოლოო მიზანია შეიქმნას Grid 1 -მედიცინა,
რომელიც მოიცავს ბიოსამედიცინო მონაცემების დამუშავების პრობლემის
გადაწყვეტის სპეციფიურ სერვისს. Grid-მედიცინის რესურსებია: მონაცემთა
ბაზები, კომპიუტერული რესურსები, სამედიცინო ცოდნა, სამედიცინო
აპარატურა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრონული მედიცინის საბოლოო
მიზანი Grid-მედიცინის შექმნაა, რომელიც მოიცავს ელექტრონული მედიცინის
ყველა რესურსს, უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის ჩათვლით, რათა
შესაძლებელი გახდეს Grid-მედიცინის დამოუკიდებელი სეგმენტების ერთიანი
მართვა [Wolfgang L., Åsmund S.,2018:]. Grid-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ
სისტემებს ძალუძთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გაბნეული და
დანაწევრებული სამედიცინო მონაცემების ხელმისაწვდომობის
გასაზრდელად, კომპიუტერული პროგრამების გამოყენების
შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
საყურადღებოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ 2019 წლის 3 იანვარს ,,ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული
ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების განსაზღვრის
წესის შესახებ“ მიღებული ინოვაციური პროექტი (ბრძანება ,,ჯანმრთელობის
შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის“ შესახებ №01-1/ნ, 2019 წლის 3
იანვარი). აღნიშნული წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრულ საცავს. EHR სისტმა მოიცავს
ნებისმიერი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდისა და ამბულატორიული
ვიზიტის დროს შეგროვილ სამედიცინო ხასიათის ინფორმაციას. სისტემის
მიზანია, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი
გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ელექტრონული ჩანაწერები, რაც უწყვეტი, ეფექტიანი, პაციენტზე
ორიენტირებული და ხარისხიანი, ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის
სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. სისტემის ამოქმედებამ უფრო
მოქნილი გახადა პაციენტების მომსახურებას, რადგან ექიმს აქვს მყისიერი
წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე პაციენტის მიერ გადატანილი
ავადმყოფობების, ინფექციებისა და სხვადასხვა რისკის შესახებ. თუმცა
ვინაიდან სისტემა მოითხოვს სხვადასხვა სახის სამედიცინო ინფორმაციის
შეგროვებას თითოეულ პაციენტზე ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია.
ელექტრონული ჩანაწერების სისტემის უპირატესობები:
HIS-ის დანერგვის შემდეგ, აღარ არსებობს ხელით წერასთან დაკავშირებული
პრობლემები. შესაბამისად, ექიმებისა და ექთნების სამუშაო პროცესში
მცირდება უზუსტობები, დროითი დანაკარგი და ნაწერი არის კითხვადი;
ანკეტების დაკარგვის ალბათობა მინუმუმამდეა შემცირებული,აღარ არის
საჭირო ახალი ანკეტის გახნა და მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტურია;
სამედიცინო დაწესებულების ქსელში წარმოდგენილია ერთიანი ინფორმაცია.
მაგალითად, თუ პაციენტმა კვლევა ქსელის ერთ კლინიკაში გაიკეთა, ექიმთან
კი მეორე კლინიკაში ჩაეწერა, ორივე კლინიკის პერსონალს აქვს ინფორმაცია;
ინფორმაციის არქონის გამო, არასაჭირო მკურნალობაში ექიმები დროს აღარ
ხარჯავენ. მაგალითად, ხშირად ექიმებმა არ იციან რა შედეგი გამოიღო სხვა
ექიმის მიერ გაწეულმა მკურნალობამ და ისინიც არაეფექტურ მკურნალობას
იმეორებენ;მედიკამენტების აღრიცხვის პრობლემების მოგვარება;
მოწესრიგებული რეგისტრატურა;
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის დალაგება;
პერსონალის ხელფასების სწორად გამოანგარიშება და ჩარიცხვა;
ფინანსური დანაკარგების შემცირება;
გარდა ზემოაღნიშნული სარგებლებისა, ძალიან მნიშვნელოვანია
ელექტრონული ჩანაწერების სისტემის გარემოზე დადებითი ზემოქმედება,
კერძოდ ის ფაქტი, რომ დოკუმენტების ელექტრონული წარმოება ზოგავს
ქაღალდს და მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ეკონომიკურ დანახარჯებს,
ისე დროით დანახარჯებს, რომ არაფერი ვთქვათ ეკოლოგიური დანახარჯების
მნიშვნელოვან შემცირებაზე. სპეციალისტების შეფასებით,ელექტრონული
ჩანაწერების სისტემის დანეგვა ექიმებს კვირაში დაახლოებით 10-20 საათს
აზოგვინებს, რაც შეუძლიათ პაციენტებს დაახარჯონ. ასევე, ხაზი უნდა
გაესვას ადამიანური უსაფრთხოების საკითხებს, რაც მწვავედ დგას
დღევანდელ რეალობაში-ელექტრონული დოკუმენტები დაცულია
ყაჩაღობისგან, ადამიანური შეცდომების შედეგად დაკარგვისგან და
ბუნებრივი კატასტროფებისგან.
საქართველოს ჯანაცვის სექტორში მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს
ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა – „ექიმი-რობოტი“, პირველადი
ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი. მისი გამოყენებით
შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის
შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე
გამოვლენა. ინიციატივა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ეკუთვნის. ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა გაზომოს
ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის
კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა
სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის
ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული
კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც
დიდი ზომის ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი
ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის
შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება,
ასევე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის
ჩატარება, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება.
კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება.
2009 წელს შეიქმნა კლინიკის მართვის სისტემა-MEDWORK და მოხდა მისი
ინტეგრირება EHR სისტემასთან და განახორციელა ელეტრონული სამედიცინო
ისტორიისა და ლაბორატორიის მოდულის ინტეგრაცია. MEDSOFT ელ-
ისტორიაში სხვადასხვა ექიმის მიერ ყოველდღიური მუშაობისას შეგროვილი
ინფორმაცია შესაძლებელია პაციენტის გაწერის შემდეგ აიტვირთოს
ჯანდაცვის სამინისტროს EHR სისტემაში. შედეგად ინფორმაციის გადაცემას
გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება ვიდრე თვითონ სისტემაში შევსებას.
2018 წელს MEDSOFT გახდა შვეიცარული კომპანიაCLINERION-ის
ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც არის ლიდერი
კომპანია სამედიცინო ინფორმატიკის დარგში. მისი საშუალებით MEDSOFT-ის
მომხმარებელი კლინიკები შეძლებენ შეუერთდნენ კლინიკური კვლევების
საერთაშორისო ქსელს.
პირველად საქართველოში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა
წარადგინა ინოვაციური მეთოდი შარდის შეუკავებლობის პრობლემის
გადაწყვეტისთვის – აპარატი, სავარძელი „EMSELLA“. უახლესი ტექნოლოგია
„BTL EMSELLA“, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა
წამყვან კლინიკაში შარდის შეუკავებლობის საკითხის გადაწყვეტაში, არ
მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, საჭიროებს მინიმუმ 6 ვიზიტს (ექიმის
დანიშნულებით), კვირაში 2-3-ჯერ და, რაც მთავარია, პაციენტისთვის
სასიამოვნო, სრულიად კომფორტული და უმტკივნეულოა. „Emsella-ს“
მკურნალობის მიზანიც სწორედ ესაა, რომ დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს
სხეულის აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის დაბრუნებაში. მკურნალობის ეს
მეთოდი უკვე დანერგილია ევროპის ქვეყნებში და დავით ტატიშვილის
სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, უკვე ქართველ პაციენტებსაც შეუძლიათ,
საკუთარ თავზე გამოსცადონ მკურნალობის დღესდღეობით ყველაზე
ეფექტური მეთოდი.
2021 წელს დაარსდა რეგენერაციული თერაპიის პირველი კლინიკა
საქართველოში. ის პაციენტებს სთავაზობს მკურნალობის ყველაზე
ინოვაციურ მეთოდებს. RegMed Georgia წარმოუდგენს პაციენტებს
რეგენერაციული მკურნალობის ფართო სპექტრს, რომელიც აკმაყოფილებს
სხვადასხვა საჭიროებებს. ტკივილებისა და ქსოვილების სტრუქტურული
ნორმალიზაციისთვის პაციენტებს შეუძლიათ იპოვონ პერსონალიზებული
მიდგომა სხვადასხვა რეგენერაციული აგენტებითა და ინოვაციური
ტექნოლოგიებით. ტრადიციული მკურნალობისგან განსხვავებით,
რეგენერაციული მედიცინა ხაზს უსვამს პერსონალიზებულ მიდგომას.
RegMed Georgia პრიორიტეტს ანიჭებს საფუძვლიან კონსულტაციებს და
სიღრმისეულ შეფასებებს, რათა გაიგოს თითოეული პაციენტის უნიკალური
საჭიროებები და შეიმუშაოს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმები,
რომელიც ხელს შეუწყობს თერაპიის უკეთეს შედეგებს და ჰოლისტიკურ
სამკურნალო გამოცდილებას. სხვა ქვეყნების კლინიკებთან შედარებით,
RegMed Georgia ამაყობს უნიკალური უპირატესობით: ხელმისაწვდომობა,
სინერგიული მიდგომა, თერაპიული არჩევანი და აპლიკაციების ფართო
სპექტრი – განუკურნავი სნეულებების მკურნალობიდან ესთეტიკურ
გაახალგაზრდავებამდე.
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,
მათ შორის არითმია, გარდაცვალების ძირითადი მიზეზია. უახლესი
კარდიოვასკულარული მეთოდოლოგიების ჩვენ ქვეყანაში ფართოდ
შემოტანით, ქართველ ექიმებს ეძლევათ შესაძლებლობა პაციენტებს
შესთავაზონ, კარდიოვასკულარული დაავადებების მართვის მოწინავე
მეთოდები, გამოცდილებისა და მიღწევების გაფართოების ფონზე.
წინაგულების ფიბრილაცია ე.წ.„მოციმციმე არითმია“ ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული გულის დაავადებაა, იგი მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ
ადამიანს აწუხებს, ხოლო საქართველოში ეს რიცხვი 35 000 ადამიანს
აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უეცარი კარდიული
სიკვდილით ყოველწლიურად 3700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11
ადამიანის სიკვდილს ნიშნავს, მსოფლიოს მასშტაბით კი ყოველწლიურად 7
მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. დღესდღეობით
მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც წარმატებით გამოიყენება ინოვაციური
მიდგომა კარდიოქირურგიაში – კრიოაბლაცია. კრიოაბლაცია წინაგულების
ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება
ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია. პროცედურის დროს Arctic Front
Advance™ ტიპის ბალონ-კათეტერით ხდება ფილტვის ვენების წინასწარ
განსაზღვრულ მიდამოებში ლოკალური მოყინვა (იგივე იზოლაცია) და იმ
პათოლოგიური გამტარი გზების გათიშვა, რომლებიც ხელს უწყობს
წინაგულების ფიბრილაციის წარმოქმნას, პროცედურის ხანგრძლივობა
დაახლოებით 1-3 საათამდე მერყეობს და უმეტეს შემთხვევაში პაციენტი
სახლში ბრუნდება აბლაციის შემდეგ დღეს. მაღალტექნოლოგიურ და
უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 4 კლინიკაში
ტარდება:ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა
„ჰელსიკორი“ და ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო. პაციენტების 70%-ს,
რომელთაც კრიოაბლაცია ჩაუტარდათ, მოციმციმე არითმია აღარ აწუხებთ, რაც
საუკეთესო ევროპული ცენტრების მაჩვენებელს უტოლდება. ინოვაციური
მიდგომა საკმაოდ ხარჯთეფექტურია, მნიშვნელოვნად მცირდება შემდგომი
გართულებების ხარჯები. კრიოაბლაციის პროცედურის წარმატებით
დანერგვიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული პერსპექტივები, რომ
საქართველო რეგიონში გადაიქცეს ერთგვარ სამედიცინო ჰაბად კრიოაბლაციის
მიმართულებით, რადგანაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს პაციენტები სომხეთიდან,
აზერბაიჯანიდან, ერაყიდან და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
საქართველოში კრიოაბლაციის პროცედურა ჩართულია საზოგადოებრივი
ჯანდაცვის პროგრამაში და პროცედურის ღირებულების დაფარვა ხდება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დადგენილი წესების მიხედვით,
თუმცა აღნიშნულით სარგებლობა ძირითადად პენსიონერებს (ფინანსდება
ღირებულების 90%) და სოციალურად დაუცველ პაციენტებს (ფინანსდება
100%) შეუძლიათ, რაც პროგრამის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. კრიოაბლაციის
პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია, დაახლოებით 15000 ლარი, რაც
დაფინანსების მიღმა დარჩენილი შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეებისთვის
ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. ამ მხრივ სახელმწიიფო ჯანდაცვის
პროგრამა გადახედვას საჭიროებს.
2023 წელს ავერსის კლინიკაში დაინერგა აბდომინოპლასტიკის ახალი
მეთოდი. აბდომინოპლასტიკა არის მუცლის წინა კედლის კორექცია,
რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო სხეულის კონტურების გალამაზებას,
არამედ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, პაციენტის მენტალურ და
ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამაღლებს თვითშეფასებას და ზრდის სექსუალურ
ფუნქციონირებას. პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაციის
ISAPS-ის მონაცემებით აბდომინოპლასტიკა მეოთხე ადგილს იკავებს
აუგმენტაციური მამოპალსტიკის, ლიპოსაქციის და ბლეფაროპალსტიკის
შემდეგ, როგორც ერთ-ერთი მოთხოვნადი ოპერაცია. დღესდღეობით
პრაქტიკაში გამოიყენება აბდომინოპლასტიკის ორი მეთოდი: ტრადიციული
და TULUA. TULUA – ინოვაცია აბდომინოპლასტიკაში, პირველად გაკეთდა
კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანცისკო ვილეგასის ( Dr. Francisco Villegas)
მიერ 2005 წელს, ხოლო 2017 წელს გამოიცა პირველი ნაშრომი მისივე
ავტორობით. TULUA აბდომინოპლასტიკის დროს ხდება სხეულის 360
გრადუსით კონტურირება, მუცლის წინა და გვერდითი კედლების,
ეპიგასტრიუმის, მეზოგასტრიუმის, ზურგის, წელის და კუდუსუნის მიდამოს
სრული ლიპოსაქცია, განაკვეთი კეთდება ჭიპის ფუძეზე, ჭიპის მოკვეთით,
ჭარბი კან-ცხიმოვანი ქსოვილის მოკვეთის შემდეგ ხდება აპონევროზის განივი
პლიკაცია, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის დახურვას დაჭიმულობის გარეშე.
ამ მეთოდით აბდომინოპლასტიკის დროს არ ხდება პერფორანტების და კანის
მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება. ახალი ჭიპის ფორმირება ხდება
დამატებითი განაკვეთით მუცლის წინა კედელზე, სასურველი ზომის და
ფორმის, შესაბამის ანატომიურ პოზიციაში. ხელოვნური ჭიპი იფარება
მოკვეთილი კან-ცხიმოვანი ქსოვილიდან აღებული თავისუფალი კანით.
რა უპირატესობები აქვს TULUA-ს ტრადიციულ აბდომინოპლასტიკასთან
შედარებით?
ვინაიდან TULUA აბდომინოპლასტიკის დროს არ ხდება კანცხიმოვანი
ქსოვილის აშრევება ნაკლებია ტკივილი, რაც აადვილებს და აჩქარებს
რეაბილიტაციას;
არ ხდება პერფორანტების და კანის მკვებავი სისხლძარღვების
დაზიანება, რაც ამცირებს იშემიის და ნეკროზის განვითარებას
ნაკლები სისხლდენა, განსაკუთრებით პოსტბარიატრიულ პაციენტებში
ნაკლები სერომა
ნაწიბურის დაბალი ლოკალიზაცია
სხეულის 360 გრადუსით კონტურირება და ფართო ჩვენება
ავერსის კლინიკაში დაინერგა მშრალი თვალის მკურნალობის ახალი
მეთოდი, იტალიური წარმოების, ინოვაციური აპარატით – eye-light. Eye-light
წარმოდგენილია ერთ აპარატში ორი ტექნოლოგიის კომბინაციით – IPL-
თერმული იმპულსები და სითბური ნიღაბი. 2 ტექნოლოგიის კომბინაცია მას
უპირატესობას ანიჭებს მშრალი თვალის სხვა სამკურნალო აპარატებთან
შედარებით, რომლებიც მხოლოდ თერმულ იმპულსებს იყენებენ. თვალის
სიმშრალის ყველაზე ხშირი მიზეზი მეიბომის ჯირკვლების დაავადებაა. IPL –
თერმული იმპულსები და სითბური ნიღაბი ახდენენ მეიბომის ჯირკვლების
ფოტობიოსტიმულაციას, რომლის საშუალებითაც უმჯობესდება სისხლის
მიმოქცევა, მეტაბოლიზმი და საბოლოოდ აღდგება მეიბომის ჯირკვლების
ნორმალური ფუნქციონირება. IPL – სინათლის იმპულსების გამოყენება არ
საჭიროებს სახის კანზე დამცავი გელის წასმას, რაც ასევე უპირატესობაა სხვა
აპარატებთან შედარებით, რომელთა გამოყენებაც კანზე დამცავი გელის
აპლიკაციას მოითხოვს. აპარატის უპირატესობაა ისიც, რომ მშრალი თვალის
სხვა სამკურნალო აპარატების შემთხვევაში, პროცედურები მოიცავს მხოლოდ
ქვედა ქუთუთოს და ზედა ქუთუთოზე მკურნალობა არ ვრცელდება. eye-light-
ის შემთხვევაში კი ნიღაბი მოიცავს როგორც ქვედა, ასევე ზედა ქუთუთოს
ფუნქციის აღდგენას.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ღეროვანი უჯრედების
მსოფლიო ბაზას უერთდება. შედეგად სისხლის ონკოლოგიური დაავადებების
მქონე პაციენტებს ღეროვანი უჯრედების დონორის მოძიების საშუალება 75
ქვეყანაში ექნებათ. ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში
პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზაა, სახელმწიფოს მხრიდან
ფინანსდება. ზემოაღნიშნული ინოვაციების გარდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების
გადადგმა ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, რაც დადებითად
აისახება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები
ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა არამარტო საქართველოს, არამედ ბევრი
ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იგი
უმთავრესად დაკავშირებულია ჯანდაცვის სექტორისათვის დამახასიათებელ
ტენდენციასთან. ბევრ ქვეყნებში ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპი
აღემატება მთლიანი ეკონომიკის ზრდის ტემპებს, რაც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, ჯანდაცვის
სექტორში უფრო მეტად ინერგება ახალი ტექნოლოგიები, სამკურნალო-
სადიაგნოსტიკო მოწყობილობა-დანადგარები, მედიკამენტები.
ეიძლება დავასახელოთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ინოვაციური
პროექტების დანერგვა-განვითარების ხელშემშლელი ზოგიერთი ფაქტორი:
ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინოვაციური
ინფრასტრუქტურის არასრულყოფილება. ბოლო პერიოდში
განხორციელებული დადებითი ძვრების მიუხედავად, ჯანდაცვის სექტორში
დღეს არსებული მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძვლები სათანადოდ
ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, უწყვეტობას,
თანმიმდევრულობასა და ეფექტიანობას. კერძოდ, შემუშავდა სამედიცინო
დაწესებულებათა კლასიფიკაციის დოკუმენტი, თუმცა, ჯერ არ არის
განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დონეებს შორის კავშირები და
უკუკავშირები. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული
სისტემის სხვა მრავალი კომპონენტის-ტელემედიცინის, მობილური
ჯანმრთელობის, ტელეპრევენციის, დისტანციური განათლების
განვითარებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო და ტექნოლოგიური
ცვლილებების გატარება და ევროკავშირის ანალოგიურ სისტემებთან
ჰარმონიზებული სისტემის შექმნა.
ოლიგოპოლიის ნიშნები ჯანდაცვის სექტორში და მზარდი ფასები
მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტებზე-საქართველოს
ჯანდაცვის ბაზრისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ოლიგოპოლიისა
და რეფერენტული ფასების დარღვევის ნიშნები, რაც კარტელური გარიგებების
წარმოშობის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. ოლიგოპილიურ ბაზარს
ქმნის რამდენიმე მსხვილი აფთიაქი: ავერსი, პსპ, ჯიპისი. საქართველოს
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული
(კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. ჯარიმები 4
კომპანიას შეეხო: ავერსი: 14,402,425 ლარი, ჯიპისი (ფარმადეპო) : 20,349,336
ლარი, პსპ: 17,094,872 ლარი, მერმისი: 951,301 ლარი. კონკურენციის
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში
(აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების
დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების
მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც
კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს. სააგენტოს მიერ
მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ
იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ
ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ
პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა
ერთმანეთს. ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74
ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს
შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს. გამოვლინდა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე
(დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტს შექმნის ფაქტები. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ რეფერენტული ფასები 2 ჯამში 5000-ზე მეტ მედიკამენტზეა
განსაზღვრული, რეფერენტული ფასები ქრონიკულ და ონკოლოგიურ
მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო,
ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ,
ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.
სუსტად განვითარებული პირველადი ჯანდაცვა – ჯანდაცვის სისტემის
ორგანიზაციულ მოწყობაში პირველად ჯანდაცვას მნიშვნელოვანი როლი
ეკისრება. პირველადი ჯანდაცვის კონცეფციას საფუძველი ჩაეყარა 1978 წელს
ალმა-ატაში ჩატარებულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს
ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. პირველადი ჯანდაცვა
არის პაციენტის პირველი კონტაქტი ექიმთან (ოჯახის ექიმი) და გულისხმობს
პირველადი კონტაქტის დროს პაციენტის მდგომარეობის შეფასებას,
დიაგნოსტირებას, მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის
მიმართვას ექიმ-სპეციალისტთან. პირველადი ჯანდაცვის სამსახური უფრო
დაბალტექნოლოგიური და აქედან გამომდინარე, მომსახურების უფრო
იაფიანი ფორმაა, ვიდრე მეორეული და მესამეული ჯანდაცვის დონე.
პირველადი ჯანდაცვის მიზნებია: პირველადი დიაგნოსტირება და
მკურნალობა, ფსიქოლოგიური დიაგნოსტირება და მკურნალობა, პაციენტის
პერსონალური მხარდაჭერა დაავადების ყველა სტადიაზე, ინფორმაციის
მიწოდება დიაგნოზის, მკურნალობის და პრევენციის შესახებ. ჯანდაცვის
სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში პირველადი ჯანდაცვა განსაკუთრებულ
როლს ასრულებს. მას ოთხი ძირითადი ფუნქცია აკისრია: პირველი დონის
კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან (ოჯახის ექიმთან),
მიმდინარე და უწყვეტი მეთვალყურეობა, ყოვლისმომცველობა და
კოორდინირება. პირველადი ჯანდაცვა არის ხიდი სპეციალისტების
სამედიცინო სერვისებსა (მეორეული და მესამეული დონე) და საზოგადოებრივ
ჯანმრთელობას შორის და შესაბამისად არის ხიდი ინდივიდსა და
მოსახლეობას შორის და წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისა და შენარჩუნების საფუძველს.
კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პაციენტების მიერ პირველადი
ჯანდაცვის რგოლის გვერდის ავლით, ექიმის დანიშნულების გარეშე
მედიკამენტების შეძენა და თვითმკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის
ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში პაციენტების მკურნალობის ხარჯებს.
პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტინი ფუნქციონირების დანიშნულებაა,
აღმოიფხვრას პაციენტთა თვითმიმართვები სპეციალისტებთან, რაც თავიდან
აგვარიდებს ძვირადღირებულ ჰოსპიტალურ მკურნალობასთან
დაკავშირებული ხარჯებს, რის შედეგადაც შემცირდება არააუცილებელი
სერვისების ჩატარების სტიმული და ჯანდაცვის ხარჯები [Macinko J.,2003].
დოკუმენტში ,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის
განვითარების ხედვა 2030 წლისათვის’’ ნათქვამია, რომ სახელმწიფო გეგმავს
პირველად ჯანდაცვასა და პრევენციაზე გამოყოფილი დანახარჯების 19,3
პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაზრდას (ცხრილი 1.), დროული დიაგნოზისა
და პრევენციული სერვისების წყალობით.
ცხრილი1. ჯანდაცვის სისტემის სამიზნე ინდიკატორები, 2030
წყარო:საქართველოს პარლამენტი, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის
სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის, 2017 წ. გვ. 17
სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება-ადამიანური რესურსების
კუთხით, უმთავრესი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის არათანაბარი
განაწილება, კერძოდ, ექიმების ჭარბი რაოდენობა (ცხრილი 2), არათანაბარი
გეოგრაფიული განაწილება. 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828
ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ
ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში,
სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-
ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. 2022 წლის პირველი იანვრის
მდგომარეობით ქვეყანაში აქტიური ექთნების რაოდენობამ შეადგინა 20,756,
თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი რაოდენობა. OECD-ის (ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის
საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880
ექთანი. საქართველოში 2022 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექიმი
მოდიოდა.
გრაფ. 2 ჯანდაცვის სფეროს მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ყოველწლიური
პუბლიკაციები, 2022
გამოყენებული ლიტერატურა
1. ვერულავა თ.,“კონკურენტული სადაზღვევო სისტემა და საყოველთაო
ჯანდაცვის გამოწვევები“, 2020, გვ. 1-3
2. კიწმარიშვილი ქ.,“ტექნოლოგიური ინოვაციები ჯანდაცვაში“, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, „მწვანე ეკონომიკის
ფორმირების თანამედროვე პრობლემები“, 2019 წ, გვ. 432-433
3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტი,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის
განვითარების ხედვა 2030 წლისათვის’’, 2017 წ. გვ.1,5,8,14,15-18
4. Delaronde Steve, William kissick ,,Iron Triangle of Health Economics”,
Concept of William kissick, 2019,pp.1-2
5. Hsiao, W.C. 1995. The Chinese Health Care System: Lessons for Other
Nations. Social Science and Medicine, vol. 41, pp. 1047-1055
6. Macinko J et al. The contribution of primary care systems to health outcomes
within Organization for Economic Cooperation and Development (OECD)
countries, 1970-1998. Health Serv Res. 2003